ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხის შეტანა და სანქცირების მექანიზმის ჩაწერა.
"პრინციპული საკითხია, რომ პარლამენტის რეზოლუციის ტექსტში იყოს სანქცირების ინსტრუმენტი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ მის მიღმა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ასევე იმ პირების მიმართ, ვინც ხელს აფარებს მათ. ჩვენ იმის ილუზიას არ ვქმნით, რომ ეს სანქციები არის ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ეს არის იმ რისკების შემცირება, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან. ჩვენ ვხედავთ შანსს, რომ ამ საკითხებზე შეთანხება მიიღწეს და ასეთი ინსტუმენტი მიიღოს პარლამენტმა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.
ამავე საკითხზე, „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.