აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო რეზოლუციის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს, რადგან გაურკვეველია, რა შედეგი მოაქვს, თუნდაც შექმნილ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ ჰუმანიტარული საკითხია ცხედრის გადმოსვენება და აღმოჩნდა, რომ ეს ფორმატი არაფერში გვადგება.
„აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი საერთოდ გაუქმდეს. საუბარია იმაზე, რომ ეს ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს, რადგან გაურკვეველია რა შედეგი მოაქვს, თუნდაც შექმნილ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ ჰუმანიტარული საკითხია ცხედრის გადმოსვენება და აღმოჩნდა, რომ ეს ფორმატი არაფერში გვადგება. აღნიშნული ფორმატი გაუმჭვირვალეა და არ ვიცით, რა მანდატი აქვს. ფორმატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მოლაპარაკებები პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აწარმოოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილება გვჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს, რუსეთისთვის საერთაშირისო სანქციების დაწესების კონტექსტში საქართველოს პრობლემაც აისახოს.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.
ამავე საკითხზე, „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.