,,წითელი ჯვარი“ მზადაა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს. საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის უწყებებთან, თუმცა მოლაპარაკებების შინაარსი კონფიდენციალურია.
,,ჩვენ გვაქვს დიალოგი შესაბამის უწყებებთან და ჩვენი ნეიტრალური სტატუსიდან გამომდინარე, მზაობას გამოვთქვამთ, მონაწილეობა მივიღოთ ბატონი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
თუ როდის მოხდება კონკრეტულად ცხედრის გადმოცემა, ,,წითელ ჯვარში" ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსეთის საპატრიარქოდან აცნობეს, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.