The Australian-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ვრცელ სტატიაში გადმოცემულია ავსტრალიელი ჟურნალისტი ქალის საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, კერძოდ კი აღწერილია საქართველოს სამხედრო გზისა და თბილისის ღირსშესანიშნაობები.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.
„მიხეილი, ჩვენი თბილისელი ტაქსისტი, ფიქრობს, რომ ძალიან იღბლიანი და გამბედავი ვარ, რომ ყაზბეგში მივდივარ, კავკასიის მთებში. იღბლიანი იმიტომ, რომ საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც მთებში, რუსეთის საზღვრისაკენ მიემართება, ეს-ესაა თოვლისაგან გაწმინდეს. გამბედავი კი იმიტომ, რომ ზღვის დონიდან ორი ათას მეტრ სიმაღლეზე, თოვლის დიდი ნამქერის შექმნას ერთ წუთი ჭირდება. საქართველოს სამხედრო გზა რუსებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაიყვანეს. ამ გზაზე დადიოდნენ რუსი მწერლები - ალექსანდრე პუშკინი, ლერმონტოვი, მაქსწიმ გორკი და ლევ ტოლსტოი. იმ დროს მოგზაურებს გადაადგილება მხოლოდ ფეხით ან ცხენით შეეძლოთ, დღეს კი აქ უზარმაზარი სატვირთო ავტომანქანები დაგრიალებენ, რომლებიც სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან რუსეთისაკენ მიდიან და პირიქით“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მკითხველს აცნობს საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარე ანანურის ციხეს, მე-17 საუკუნის ეკლესიას, პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს, საბჭოთა პერიოდის დროინდელ ძეგლს, რომელიც საქართველო-რუსეთის მეგობრობას ასახავს, მაგრამ 1991 წლამდე, ანუ სანამ საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
სტატიაში აღწერილია სტეფანწმიდაში მდებარე სუპერთანამედროვე სასტუმრო Kazbegi Rooms, რომელიც ადრე სანატორიუმის როლს ასრულებდა. „აივანზე ვდგავარ და აქედან მე-14 საუკუნის გერგეტის წმინდა სამების ეკლესიას გავსცქერი. იქ უნდა ავიდეთ და ვნახოთ. ჯერ ავტომობილით მივდივართ, შემდეგ კი ფეხით. თან წვეროსანი ბერები მოგვყვებიან და თოვლში გზის გაკვლევაში გვეხმარებიან. ერთ-ერთს ჩემი ასაკი აინტერესებს და რამდენი წლის ხარო, მეკითხება. „ეს საიდუმლოა“, - გაკვირვებული ვეუბნები. განა ისეთი მოხუცი ვჩანვარ, რომ ასეთ სიმაღლეზე და ასეთ ამინდში სიარული ვერ შევძლო? როგორც იქნა, პლატოზე ავედით, მონასტერთან. ირგვლივ გრანდიოზული მთებია. საინტერესოა, რატომაა ეს ეკლესია ასეთ მიუდგომელ ადგილზე აშენებული? რით არიან დაკავებული ის ბერები, რომლებიც მოგვყვებოდნენ? უკან დაბრუნებისას საბჭოური ეპოქის საბაგირო გზის ნაშთები დავინახე. როგორც ამიხსნეს, გზის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეწყდა, რადგან მათ არ სურდათ ამ წმინდა ადგილზე ტურისტების მოზღვავება“, - წერს ავტორი.
„ვნახე, თუ როგორ მიმდინარეობს სასტუმრო „ინტურისტის“ ძველი შენობის რემონტი, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ თავისუფლდებიან ქართველები საბჭოური ბორკილებისაგან.. მეორე დღეს დარიალის ხეობით რუსეთის საზღვრისაკენ მივდივართ, ვათვალიერებთ თამარის ციხეს, რომელიც მე-12 საუკუნის საქართველოს მეფე-ქალის სახელს ატარებს. მიხეილ ლერმონტოვმა ამ ადგილების გავლენით დაწერა პოემა „დემონი“, - წერს ეითნა ნაითინგეილი.
რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიღებულ შთაბეჭდილებებს: უპირველეს ყოვლისა ავტორი ეწვია ცნობილ თბილისურ თერმულ აბანოებს: „ჩვენ ვირჩევთ აბაზანას აღმოსავლური ორნამენტებით, წყალი 45 გრადუსამდეა გაცხელებული. მექისე ქალი აიდა კომფორტულად გვემსახურება“.
თბილისი უძველესი ქალაქია, ევრპისა და აზიის გზაჯვარედინი. ბევრია აღდგენილი ძველი შენობა. „აუცილებელია არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, თორემ ტურისტები აქ მინა-ბეტონის ცათამბჯენებისა და საბჭოური ეპოქის მონსტრი შენობების სანახავად ნამდვილად არ მოვლენ“, - ამბობს მიხეილი. თბილისში ქართული და სომხური ეკლესიები თითქმის ყოველ ნაბიჯზეა, ფერდობებზეც. სომხური სურბ-გევორქი, ქართული სიონი, სადაც წმინდა ნინოს ჯვარია, ვაზის რტოებით, მისი თმებით გადაწნული. საქართველოში ქრისტიანობაის გავრცელება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში. ერთადერთი მეჩეთი, რომელიც ლავრენტი ბერიას 1930-იანი წლების რეპრესიებს გადაურჩა, 360 წელს არის აშენებული სპარსელების მიერ და ნარიყალას ციხე-სიმაგრესთან დგას“.
ავტორი ეცნობა თბილისის ისტორიის მუზეუმის ექსპონატებს:
„ყურადღებით ვათვალიერებ მე-19 და მე-20 საუკუნის ფოტოსურათებს, რომლებზეც, სხვებთან ერთად, ხარაზებიც არიან გამოსახულნი. შესაძლოა ერთ-ერთი ბესოც კი იყოს, საქართველოს ცნობილი შვილის - იოსებ სტალინის მამა. სამწუხაროა, რომ მამამ შვილი ვერ დაარწმუნა, რომ რევოლუციონერობის ნაცვლად, მამის ხელობას გაჰყოლოდა. საინტერესოა, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იოსებ სტალინის დროინდელ რეპრესიებზე მასალები საკმაოდ ცოტაა. რუსთაველის გამზირზე მდებარე ოპერის თეატრი მავრიტანული სტილითაა აგებული მე-19 საუკუნეში. ვნახე „მაკნატუნა“ ქართული საბალეტო დასის შესრულებით. პირდაპირ მომნუსხავია. (...)
სტატიაში, რასაკვირველია, თბილისური რესტორნებისა და ქართული სამზარეულოს კერძების შესახებაც არის საუბარი: ხაჭაპური, მწვადი, ხინკალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და ქართული ღვინო...
„სანამ აეროპორტში წავიდოდე, მშრალ ხიდთან არსებულ ბაზრობასაც ვეწვიეთ. მე არ მაინტერესებს აქ გასაყიდად გამოფენილი საბჭოური ორდენები, არც სტალინის თუ ლენინის პლაკატები, მაგრამ 100 წლის წინანდელი ქართული ხალიჩა საოცრად იაფად შევიძინე. გამყიდველი მარწმუნებს, რომ აეროპორტის საბაჟოში არანაირი პრობლემა არ მექნება. მიმაქვს ქართული ხალიჩა და ღვინო და ღმერთს ვევედრები, რომ ჩვენი მოგზაურობა კარგად დასრულდეს“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.