ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ზე უკრაინის რადის მიერ 22 ივლისს მიღებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
როგორც ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ამ უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის.
„სერიოზულად შეშფოთებული ვარ რადაში დღევანდელი კენჭისყრით. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი მექანიზმების გაუქმება არის სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯი. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის მსგავსი უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. კანონის უზენაესობა რჩება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში“, – წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, უკრაინელი დეპუტატების მიერ მიღებული კანონპროექტი ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (SAPO) მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.