„მშვიდობა ომზე მეტია“ - ამ ლოზუნგით 4 მარტს, 18:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის მსვლელობის დროს, 2 საათის განმავლობაში, თბილისში მდებარე 40-მდე კაფე-ბარი და რესტორანი დაიხურება. ამ ფორმით, ისინი მომხმარებლებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
არჩილ ტატუნაშვილის სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას უერთდება "კავკასიის უნივერსიტეტიც". გავრცელებულ ინფორმაციაში, უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, შეუერთდნენ აქციას.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტებთან აქციის შესახებ საინფორმაციო წერილებიც გაიგზავნა.
"კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება არჩილ ტატუნაშვილის სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ აქციას - „მშვიდობა ომზე მეტია“
აქციის მსვლელობისას, კავკასიის უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა შეუერთდეთ სამოქალაქო საზოგადოებას და გააპროტესტოთ ოკუპაცია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ.
„ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ.
მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორებმა.