საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო, და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.
მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.
რუსეთის მხრიდან გააქტიურებული უკანონო პროვოკაციული ნაბიჯები, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აგება საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მიზანმიმართულად უშლის ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება”, - ნათქვამია განცხადებაში.