ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული გურამ დონაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურა ბაქრაძის დაპატიმრებას კატეგორიულად მოითხოვს.
„შემთხვევის ადგილზე რაც ვნახე, ჩვენებაშიც ის დავწერე. ბაქრაძემ თუ მანამდე იარაღები მოიტანა და ჩაალაგა, მთელი ამდენი წელი საქმე გაყალბებული იყო, ჩვენ „შეცდომაში“ ვიყავით შეყვანილები, მანაც პასუხი უნდა აგოს და ციხეში წავიდეს იმ უმიძმესი ბრალდებით, რაც წაყენებული აქვს - იარაღების მიტანა და საქმის გაყალბება.
რას ჰქვია, ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და საპროცესო გაუფორმდეს, იმის გამო, რომ სხვები არჩადენილ დანაშაულზე გაწიროს? კატეგორიულად მოვითხოვ, ისიც 8 წელი ჩაჯდეს ციხეში. თუ ზურა მიქაძეა დამნაშავე, ისიც უნდა ჩაჯდეს, ზურა მიქაძეზე მაღალი თანამდებობა ჰქონდა მას“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დონაძემ.
ის ფაქტი, რომ ბაქრაძე დონაძეს ტყუილში ადანაშაულებს და ჩივილს აპირებს, დონაძისთვის სასაცილოა.
„სასაცილოა, იჩივლოს კი არა, თუ უნდა, 100 საჩივარი დაწეროს, მისგან არაფერი გამიკვირდება. ჩემი აზრით, ის ცრუ მოწმე და ტყუილის მკადრებელია გარკვეული გარიგების სანაცვლოდ. პროკურატურის მტკიცებულება ამოვიღე, სასწრაფოში შეტყობინება 02:17 საათზეა შესული. რა ვთქვი ტყუილი? 02:28 საათამდე ობიექტი ვერის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, 02:58 საათზე მისი ადგილმდებარეობა დაზუსტებულად წერეთლის გამზირი, შემთხვევის ადგილია. 03:10 საათზე, ის საბურთალოს მიმართულებით იწყებს მოძრაობას.
დავაზუსტე, მასალები ბოლომდე ამოვიღე და გამოდის, რომ ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. აქაც მატყუარაა ბაქრაძე, თურმე, შემთხვევის ადგილზე 50 წუთის შემდეგ მივიდა, სინამდვილეში კი, ნახევარი საათის შემდეგაა მისული. დიდი ცდომილება მაინც და მაინც არ მომსვლია. წუთებში, სხვაობაში თუ რამე შეცდომა მომივიდა, მხოლოდ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშის. საათნახევარში იარაღი არავის მოუტანია და არანაირი კადრი არ დადგმულა. შესაბამისად, ბაქრაძე აქაც გაიჭედა და იტყუება“, - აცხადებს დონაძე.
ცნობისთვის, ორი დღეა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ერთმანეთის მიმართ ბრალდებები და კითხვები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურაბ ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე.