აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად ის ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულეს, რომლებმაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლები თანადაფინანსებით 2017 წელს შეიძინეს.
მთავრობის წარმომადგენლები, დაბა ჩაქვში ბერიძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტში შუახევის რაიონის სოფელ პაპოშვილებიდან გადმოსახლდა. 4 სულიანმა ოჯახმა 2017 წლის სამინისტროს პროგრამით ისარგებლა და ორსართულიანი კერძო სახლი, 2,800 კვ.მ მიწის ნაკვეთით შეიძინა.
ზურაბ პატარაძე და სოზარ სუბარი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, გელაძეების მრავალსულიან ოჯახშიც იმყოფებოდნენ. 14 წევრისგან შემდგარი ოჯახი შუახევის რაიონი სოფელ ცხემლარში ცხოვრობდა. ბერიძეების მსგავსად, გელაძეების ოჯახმაც ოჩხამურში თანადაფინანსებით კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს.
,,მოვინახულეთ სტიქიით დაზარალებული ოჯახები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში, რომლებსაც სახელმწიფომ, უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საცხოვრებელი ფართები გადასცა. გვიხარია, რომ წლების მანძილზე აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში 700-მდე სახლი იქნა შეძენილი სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, სპეციალური პროგრამის თანახმად 200 ოჯახისთვის კარ-მიდამო შეძენილი არის. 2018 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიება, კერძოდ, ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება 120-მდე საცხოვრებელი ფართი. ამ მხრივ მუშაობა 2017 წელსაც აქტიურად ხორციელდებოდა. აჭარის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი დახარჯული იქნა უშუალოდ კომპენსაციებისთვის. ასევე, 100-ზე მეტი ბინა იქნა შეძენილი. ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიაა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში 2016-2017 წწ საცხოვრებელი ფართი თანადაფინანსებით 207-მა სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ოჯახმა შეიძინა. პროგრამა წელსაც გრძელდება, ბიუჯეტი 3 000 000 ლარით განისაზღვრება, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი ფართის შეძენა.