ბატონი პაატა ბურჭულაძე, საკუთარ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამის თევისთვის, - ამის შესახებ "იავნანას" საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული ბატონი პაატას და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები.
"სამწუხაროდ, გამოძიების ინტერესი შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იმიტომ, რომ ნაწილ კითხვებზე ჩვენ ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები. შემიძლია დაგისახელოთ რამოდენიმე ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ დამაჯერებლობა აკლდა.
ბატონი პაატა ბურჭულაძე, საკუთარ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამის თევისთვის. ასევე, ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული ბატონი პაატას და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები, რაც ჩვენი აზრით ამ ეტაპზე ამ საკითხებზე პასუხები ამომწურავად არ ყოფილა გაცემული. საბოლოო ჯამში დაკითხვამ საკმაოდ კორექტულად ჩაიარა.
რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში.
რაც შეეხება განმეორებით დაკითხვას, ამ ეტაპზე საუბარია, რომ არსებული კითხვები ჩვენ მიერ დაისვა და იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას შემდგომი ეტაპისთვის გაუჩნდება დამატებითი კითხვა, შესაძლოა მან კვლავ გასცეს კითხვებს პასუხი, ადეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დადგეს ბურჭულაძის დაკითხვის საჭიროება", - განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მან ჩვენების მიცემა სასამართლოში ისურვა.