28 ივლისს, 17.00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ფოტოკორესპონდენტის ალექსანდრე კლიმჩუკის და ჟურნალისტ გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების გამოფენას.
გარდა ქრონიკისა, გამოფენილი იქნება ალექსანდრე კლიმჩუკის მხატვრული და სოციალური ჟღერადობის მქონე ფოტონამუშევრები, ოჯახური ალბომი და რელიქვიები, გიგა ჩიხლაძის კორესპოდენცია, რაც დამთვალიერებლის და სპეციალისტების გაორმაგებულ ყურადღებას დაიმსახურებს.
ალექსანდრე კლიმჩუკი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ უამრავ სააგენტოსთან და ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობდა, მისი ფოტოები იბეჭდებოდა ,,Комсомольская правда"-ს ,,იტარ-ტასი"-ს, ,,საქართველოს თვალის" და EuraziaNet.org-ის News Week-ის დაკვეთით, იგი ასევე მუშაობდა გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდთან და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ალექსანდრე კლიმჩუკი სამჯერ გახდა იტარ-ტასის მიერ დაწესებული ჯილდოს მფლობელი წლის საუკეთესო ფოტოგრაფიისათვის, ხოლო 2007 წელს გაიმარჯვა რუსულ ფოტოკონკურსში, სახელწოდებით ,,ადამიანები ახალ ამბებში". მისი კოლეგა, ჟურნალ პროფაილის დიზაინერი და თანარედაქტორი, ,,Комсомольская правда в Грузии"-ს რედაქტორი, ჟურნალ CENN რედაქტორი, ტელეკომპანია ,,ალანიას" რედაქტორი, ფრანგული რადიო RFI-ს სპეც. კორესპოდენტი და ჟურნალ ,,NEWS WEEK" კორესპოდენტი საქართველოში, ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე, ცნობილი იყო თავისი მოღვაწეობით განსაკუთრებით რთულ წერტილებში. მისი კორესპოდენცია საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, ახლოს გაეცნოს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ჟურნალისტის ნააზრევს, მის უნარს, ემუშავა ექსტრემალურ სიტუაციაში.
გამოფენა მნიშვნელოვანია თავისი თემატური ჟღერადობით, დატვირთულია ემოციური თვალსაზრისით და ასრულებს საკმაოდ რთულ ფუნქციას: აერთიანებს საზოგადოების, პიროვნებისა და ისტორიის ურთიერთკავშირს წარმოდგენილს ფაქტებითა და დოკუმენტაციით.