მუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად პოეტ გელა დაიაურის დაღუპულ 9 თვის შვილს მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, სამაშველო სამუშაო ხეობაში ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ადიდებული მდინარე დაღუპული ბავშვის ცხედრის პოვნას ართულებს.
მაშველებმა დაიაურის 3 წლის ბავშვის ცხედარი უკვე იპოვეს. ავარიის შედეგად დაღუპულები ბარისახოში უკვე გადასვენეს.
შეგახსენებთ, რომ მუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად შვიდი კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. პოეტი გელა დაიაური და მისი მეგობარი ოჯახებით ათენგენობის დღესასწაულიდან მოდიოდნენ.
ათენგენობას გელა დაიაური მუცოში ოჯახთან ერთად მეგობრის, ბერდია არაბულის მანქანით გაემგზავრა, რათა შვილები ხატისთვის მიებარებინა. გელა დაიაურს მეუღლე, 3 წლის და 9 თვის ვაჟები, ცოლისდა და ცოლისძმა მიჰყავდა. ბერდია არაბულს მეუღლე და 4 თვის შვილი ჰყავდა თან, მათთან ერთად იყო ოჯახის ნათესავი თეონა ჭინჭარაული.
ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბერდია არაბული არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, შვილები, რომელთაგან ერთ-ერთს ამ დრომდე ეძებენ, ცოლისდა, ბერდია არაბული თავისი მეუღლითა და შვილით.
უბედურ შემთხვევას მხოლოდ გელა დაიაური, მისი ცოლისძმა, 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი და ნათესავი, თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ.
ავარიის შედეგად გადარჩენილი სამი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თეონა ჭინჭარაულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და იგი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი. დანარჩენ ორ დაშავებულს კი ამბულატორიული დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.