ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სააქციო საზოგადოება "საქრუსენერგოს" ყოფილი ხელმძღვანელი პირები: გენერალური დირექტორი გიორგი შერაძე და პირველი შოთა მაისურაძე დააკავა.
წინასწარი გამოძიებით, დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის # 515 დადგენილების მიხედვით საქართველო-სომხეთის 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოიყო 8 000 000 ლარი. პროექტის ფარგლებში ელექტროსადენის გარკვეულ მონაკვეთზე უნდა გაჭიმულიყო სამსადენიანი 500 კილოვოლტიანი კაბელი.
აღნიშნულის ნაცვლად, ს/ს „საქრუსენერგოს" ხელმძღვანელობის მიერ, სარეაბილიტაციო სამუშაო მხოლოდ ორსადენიანი კაბელით იქნა შესრულებული. აღნიშნულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან მოცემული ელექტროგადამცემი ხაზის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო კვეთის მქონე კაბელის ნაცვლად დაამონტაჟეს უფრო დაბალი მონაცემების მქონე შეუსაბამო სადენი და მიითვისეს ზემოხსენებული სამუშაოებისათვის გამოყოფილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 2 138 300 ლარი.
გიორგი შერაძეს და შოთა მაისურაძეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის. ბრალდებულებს სასამართლოს მიერ უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.