უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე მედვედკომ გააკეთა.
"ჩვენ გამოძიებას ივლის-აგვისტოში დავასრულებთ", _ აცხადებს მედვედკო. მისივე თქმით, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუკაჩმა გიორგი ღონღაძის მკვლელობის შემკვეთების ვინაბა დაასახელა. ამასთან დაკავშირებით მედვედკო აცხადებს, რომ მანამ ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მას არ აქვს უფლება აღნიშნული ინფორმაციის გახმაურებისა.
პროკურორის თქმით, ასევე დადგენილია იმ პირთა ნაწილის ვინაობა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ პუკაჩს დამალულიყვნენ სამართალდამცველი ორგანოებისგან.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე კიევიდან 2000 წლის 16 სექტემბერს გაქრა. იმავე წლის ნოემბერში მიდი უთავო ცხედარი კიევის ოლქში ერთ ერთ ტყეში აღმოაჩინეს. 2000 წელს მედიაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც თითქოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ნიკოლაი მელნიჩენკოს მიერ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას კაბინეტში იყო გაკეთებული.
ფირზე არის ხმა, რომელიც ლეონიდ კუჩმას ხმას გავს, რომელიც იძლევა განკარგულებას "საქმე გაარჩიეთ ჟურნალისტთან". 2008 წელს დაიჭირეს უკრაინის შს სამინისტროს კრიმინალური დაზვერვის საგარეო დეპარტამენტის სამი თანამშრომელი, რომლებიც გენერალ ალექსანდრე პუკაჩს ექვემდებარებოდნენ. ისინი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულებად აღიარეს. 2009 წლის ივლისში თავად პუკაჩი დააკავეს და მასაც გიორგი ღონღაძის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.