ოკუპირებული აფხაზეთში გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის ფაქტის შესასწავლად კომისია შეიქმნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. პარლამენტში, რიგგარეშე სხდომას 3 იანვარს, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, უზენაესი სასამართლოს და ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გარი არშბამ განაცხადა, რომ ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რაულ ხაჯიმბამ შეიწყალა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ასეთი დამნაშავის შეწყალება, აფხაზეთის ე.წ.გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ განაცხადა, რომ „შეიძლება შეიწყალოს ნებისმიერი პირი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის“.
სხდომის დასრულების შემდეგ ე.წ. დეპუტატი რაულ ლოლუა „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილ საზოგადოებასთან გავიდა და განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის ლუკავას გადაცემა ხაჯიმბასადმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ მიმართვის საფუძველზე მოხდა, რათა ქართულ მხარეს ცხინვალისთვის საქართველოში დაკავებული ოსი სამხედროები გადაეცა.
მისი თქმით, შექმნილი კომისია ამ გადაწყვეტილების კანონიერებას შეისწავლის.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გიორგი ლუკავას გადაცემის გამო ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
გიორგი ლუკავა 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 25 დეკემბერს სოხუმის ციხიდან გათავისუფლდა.