სანდრო გირგვლიანის ოჯახის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ
დააკმაყოფილა
სანდრო გირგვლიანის ოჯახის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. "თბილისის სააპელაციო სასამართლომ არცერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გირგვლიანების ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მას შემდეგ გასაჩივრებს, რაც სააპელაციო სასამართლოსგან მოტივირებულ განაჩენს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის ოჯახის მიერ მოთხოვნილი 200 000 ლარის ნაცვლად, მკვლელობაში მსჯავრდებულებს მორალური კომპენსაციის სახით 40 000 ლარი დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ ამ წლის 29 აპრილს, სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე, სახელწოდებით "ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღია.