მთავარ პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიწყო პროკურორთა ტრეინინგი სასამართლო უნარ-ჩვევებში. ტრეინინგის მიზანია პროკურორთა მომზადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე გამოსვლის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებზე. აღნიშნული ტრეინინგი დაიწყო 28 ივნისს და რამოდენიმე ეტაპად ჩატარდება. ივლისის ბოლომდე ტრეინინგს გაივლის ყველა პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ტრეინინგში ყურადღება მახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის წარმოება, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და მსაჯულთა სასამართლო პრაქტიკა. ტრეინინგი იმიტირებულ სასამართლო დარბაზში ტარდება,სადაც პროკურორები მონაწილეობას იღებენ იმიტირებულ პროცესებში და თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებას ახორციელებენ.
აღნიშნული ტრეინინგები ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. ტრეინინგს ამერიკელ ტრეინერებთან ერთად უძღვებიან ქართველი პროკურორები.