დღეს, აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში აფგან მუხტარლის საქმის განხილვა გაგრძელდება. დაცვის მხარე იმ მესაზღვრეების დაკითხვასაც ითხოვს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მუხტარლიმ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
„არსებითი განხილვის მეორე პროცესია. დღეს მოწმეების დაკითხვა დაიწყება, მათ შორის უნდა იყვნენ მესაზღვრეებიც, რომელთა ჩვენებებიც საქმეშია. მუხთარლის წინააღმდეგ გამოგონებული ბრალდებებია, ჟურნალისტი ტყვეობაში იმყოფება და იდევნება აბსურდული ბრალდებებით. აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ის დაკვეთა, რაც არის ბოლომდე შესრულდება“ - განაცხადა ,,საზოგადოებრივთან“ მუხტარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მუხტარლის საქმის განხილვას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც სასამართლოს პირველ სხდომასაც აკვირდებოდნენ.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.