ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგენილი და გამოვლენილი იქნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთაც თითქოსდა ავტოსადგომების მომსახურების მოწესრიგების მიზნით შექმნილი ჰქონდათ შ.პ.ს "ავტოპარკინგი". სამართალდამცავების განცხადებით, ისინი ფიზიკური ძალისა და მუქარის გამოყენებით, აიძულებდნენ ავტოსადგომზე მყოფ ე.წ. '"სტაიანშიკებს~ გაწევრიანებულიყვნენ მათ ფირმაში, რომელსაც არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა მსგავსი საქმიანობის წარმართვის და აიძულებდნენ ყოველი დღის ბოლოს მათთვის გადაეხადათ დადგენილი ტარიფი, 20-30 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დაკავებული იქნენ: შ.პ.ს. ''ავტოპარკინგის''დამფუძნებლები: 1982 წელს დაბადებული ხვიჩა წკეპლაძე და 1979 წელს დაბადებული დიმიტრი ჭელიძე; დირექტორი, 1961 წელს დაბადებული, იური ბარბაქაძე და ამავე ფირმის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული მამუკა აფციაური. დაკავებულები მიცემულნი იქნენ პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის III ნაწილის''ა' ქვეპუნქტით. რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.