საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის პოლიციელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
დაჯილდოება ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში: მაია ფელიშვილი - ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი, ვლადიმერ ადამია - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი, ნინო დუმბაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი, კახა ტაბატაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პაატა მოსულიშვილი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. მიღებაზე მიწვეულმა სტუმრებმა სასახლის ფოიში მოწყობილი გამოფენა ,,ხმა ქართველი ქალისა“ დაათვალიერეს, რომელიც კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გამოფენა ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი ქართველი ქალების სამ თაობას აერთიენებს და მასზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებითა და ხელშეწყობით გამხორციელებული სამი პროექტის მცირე ნაწილი: ,,50 ქალი საქართველოდან“ (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი), ,,ქალები საქართველოდან“ (NDI და შვედეთის განვითარების სააგენტო SIDA), „გოგონები მომავლიდან“ (UNFPA საქართველოს ოფისი და შვედეთის მთავრობა). სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტი, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.