სოფელ ოფშკვეთში მოკლული 17 წლის მოზარდის მშობლები დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.
დაღუპულის ახლობლები ამბობენ, რომ 17 წლის მოზარდი მისმა კლასელმა და ყოფილმა მეგობარმა მოკლა. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. გუშინ გვიან ღამით კი 17 წლის მოზარდს მოაკითხეს და გარეთ გასვლა სთხოვეს. მკვლელობაში ბრალდებულმა 17 წლის ახალგაზრდა სოფლის სასაფლაოზე წაიყვანა. ახლობლების ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 17 წლის ბიჭს მისივე კლასელმა გულის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
„იყვნენ კლასელები, მეგობრები. მოკლე ხანია, რაღაცაზე ჩხუბობდნენ, შეუთანხმებლობა ჰქონდათ. წაიყვანეს ჩვენი სოფლიდან მოცილებით, მანქანით, საქმის გასარჩევად და იქ აღარ აცალეს თქმა, რომ თავის თავი ემართლებინა. ანუ შეუგინებია მას და ამას დაურტყია ხელი, როგორ თუ შემაგინეო და ამის თაობაზე დაარტყა დანა გულის არეში,“ - ამბობს ,,რუსთავი 2“ - თან გარდაცვლილის ახლობელი, თეო ჯულაყიძე.
სოფელში ყვებიან, რომ მოკლულიც და ბრალდებულიც ახლო მეგობრები იყვნენ და რა გახდა მათშორის დაპირისპირების მიზეზი, არ იციან.