თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, დავით ლოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტს სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური ჰერმოდინამიკით, შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს სისხლის უდიდესი დანაკარგი ჰქონდა. მიმდინარეობს სისხლის გადასხმა, რის მიუხედავადაც, სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება“, – აღნიშნავს დავით ლოლაძე.
შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.