არაუგვიანეს ორშაბათისა, გვექნება შეხვედრა შსს-ს უწყების ხელმძღვანელთან, რათა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის ტერიტორიების მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს დამატებითი მონიტორინგი, ვიდეოკამერები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქუჩებში.
„არაუგვიანეს ორშაბათისა, გვექნება შეხვედრა შსს-ს უწყების ხელმძღვანელთან, რათა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის ტერიტორიების მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს შეიძლება იყოს დამატებითი მონიტორინგი, დამატებითი ვიდეოკამერები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქუჩებში – ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრებები, რომლებიც მინდა, გავუზიარო შს და განათლების მინისტრებს. ასევე, არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი, რომ პოლიციური რეჟიმი არ შემოვიტანოთ განათლების სისტემაში. ეს იქნება პროცესი, სადაც მშობლებსა და პედაგოგებსაც ჩავრთავთ.
ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ სკოლის ტერიტორიაზე მანდატურის სამსახური ასრულებდა თავის მოვალეობას. ის, რაც გუშინ მოხდა, ცდებოდა სკოლის ტერიტორიას, ჩვენ ალბათ უნდა ვიფიქროთ უშუალოდ მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე, რომ შევძლოთ სკოლის მიღმა გარკვეულ მანძილზე მონიტორინგის განხორციელება.
გუშინ არც ადმინისტრაციას და არც მანდატურებს ეჭვის საფუძველიც არ ჰქონდათ, რომ შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.