ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
დაცვის მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლე გიორგი არევაძის აცილებას თაობაზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი ჩემიამ გამოიტანა, რა დროსაც მისი თანაშემწე სწორედ გიორგი არევაძე იყო.
"საფუძვლიანი და ლეგიტიმური ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოთ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი ჩემიამ გამოიტანა, რა დროსაც მისი თანაშემწე სწორედ გიორგი არევაძე იყო. ჩემთვის ეს ფაქტი 28 ნოემბერს გახდა ცნობილი"- განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა რაზეც მოსამართლემ უპასუხა:
"ცოტა გამიკვირდა, რომ ეს ფაქტი, თითქოს ახლა გახდა თქვენთვის ცნობილი. არცერთ ეტაპზე უარყოფა არ მომიხდენია და არც დამიმალავს, რომ მოსამართლე გიორგი ჩემიას თანაშემწე ვიყავი"
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმება ბრალდების მხარე:
"ადვოკატის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების ჟონგლიორობა მოვისმინეთ და არა სამართლიანი არგუმენტები", - განაცხადა პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. რაც, როგორც პროკურორმა აღნიშნა, იმ უკანონო შეპირებას მოიცავს, რომელიც სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმის არგახსნის, მასში მონაწილე ორგანიზატორების და შემკვეთების არმხილების და მართლმსაჯულების არაღსრულების კუთხით განხორციელდა.