"კიდევ ერთი გამარჯვება, დღეიდან მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში დეკრიმინალიზებულია", - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობა" სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia-მ მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურად ცნო.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას. მოძრაობა მადლობას უხდის სარჩელის ავტორსა და წარმომადგენელს გირჩი / Girchi-ს მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციის შეტანისთვის.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას და მიუთითა, რომ დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია!
გელოდებით 10 დეკემბერს აქციაზე ხმაური გამარჯვებისთვის", - ნათქვამია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. საკონსტიტუციოში სარჩელი პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს" ჰქონდა შეტანილი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთოდ გაუქმებას ითხოვდა.
სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა. მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული, რომელთა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.