"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ 10 დღის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
მისი შეფასებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში მოხდა პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მოშლილია და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს.
„ის რაც 10 დღის წინ მოხდა, უმძიმესი ფაქტია. იმაზე მძიმე, ვიდრე შესაძლოა ამ დარბაზშიც კი, ვინმეს გონია. ამ ფაქტს 2 სავარაუდო ახსნა აქვს.
1 - ქვეყანაში საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების შემოპარვა მოხდა , ისინი ქალაქის ცენტრში განლაგეს და დიდი შეირაღების შეტანაც შეძლეს.
2 - სახელმწიფო დონეზე რაღაც ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი ამოცანების შესასრულებლად, შემდეგ ამ შეთანხმების დარღვევა მოხდა და განხორციელდა ის მოვლენები, რაც ვიხილეთ.
პირველი ვარიანტი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან სუს-ის განცხადებით, ჩვენ ვიცით, რომ კვირეების განმავლობაში ხორციელდებოდა ამ ადამიანეზე თვალთვალი და ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ, რაც შემოპარვის ვერსიას გამორიცხავს. აქედან გამომდიანრე ზედაპირზე დევს რეალობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოშლილია, ის ვეღარ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხვორებას. ვითარება საგანგაშოა და ის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას საჭიროებს. როდის თუ არა დღეს და ამ ვითარებაში, თითოეულმა ჩვენგანმა განსაკუთრებული კონტროლი უნდა დავაწესოთ ღრმა კრიზისში შესულ მთავრობაზე. ჩვენი ინიციატივაა შეიქმნა საგამოძიებო კომისია და ამ კომისიის ფარგლებში მოხდეს განხილვა იმისა, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ქვეყანა", - აღნიშნა მელიამ.