თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე მიწვეულია იტალიის ქალაქ გუბიოში საერთაშორისო საოპერო ფესტივალში მონაწილეობისთვის.
თეატრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობას მიიღებს ვერდის "რიგოლეტოსა" და გალა-კონცერტებში. ფესტივალის ორგანიზატორია ცნობილი იტალიელი საზოგადო მოღვაწე, სენატორი ალდო სარტორი. ფესტივალს მუსიკალური ხელმძღვანელის სტატუსით სათავეში უდგას ცნობილი ახალგაზრდა იტალიელი მუსიკოსი, ჩვენი თეატრის მოწვეული დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.
სენატორ ალდო სარტორის წამოწყება მრავლისმომცველია და ეხება ბიზნესსექტორსაც. კერძოდ, საოპერო ფესტივალის პარალელურად, მისი აქტიური მონაწილეობით და იტალიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართება დიდი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით. საქართველოს მეგობარ სენატორს ქართველი და იტალიელი ბიზნესმენების ურთიერთდაკავშირების სურვილი აქვს, რაც ცხადია, დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნისთვის სავაჭრო და ეკონომიკური არეალის გაზრდას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მდგრადი საფუძვლების შექმნას.
სენატორ სარტორისა და უწინარესად, იტალიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის ჯანფრანკო ფინის გადაწყვეტილებით ამ ფესტივალსა და ფორუმზე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა ოფიციალური პირები. თბილისის ოპერის თეატრს თან ახლავს იმ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც თანამშრომლობენ ოპერის თეატრთან და ზრუნავენ მასზე.
როგორც აღინიშნა, საოპერო ფესტივალში მონაწილეობს თბილისის ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რომლის შემოქმედებას სპექტაკლებითა და გალა-კონცერტებით გაიცნობენ იტალიელი მსმენელები და ამ ქვეყნის სტუმრები. ამასთან, ღონისძიებათა დასასრულს ჩვენი თეატრი იტალიური კულტურის, კერძოდ, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოფიციალურად დაჯილდოვდება იტალიის სახელმწიფო ჯილდოთი, რაც ჭეშმარიტად დიდი აღიარებაა არა მხოლოდ თბილისის ოპერის თეატრისთვის, არამედ, მთლიანად ქართული კულტურისთვის.