მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, სავარაუდოდ, არსებული სახით დამტკიცების შემდეგ აისახება, - ამის შესახებ განმარტება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო ვარიანტი პარლამენტში 1-ელი დეკემბრიდან უნდა შევიდეს. კვიჟინაძის განცხადებით, თავდაპირველად მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს.
,,თუკი ეს ვერ მოესწრება, ჯერ ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება და შემდეგ შევა შესაბამისი ცვლილებები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში”, - აღნიშნა კვიჟინაძემ.
რეგლამენტის თანახმად, ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს.