საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი ქართველ ხალხს მოუწოდებს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთონ. მისი თქმით, ასე საქართველოში დემოკრატიული პროცესები უფრო დინამიკურად განვითარდება. ამის შესახებ კუშნერმა დღეს, "ევროპის სახლში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარდეს ამისთვის კი პოლიტიკური ცხოვრებით ქართველი ხალხი უნდა დაკავდეს.
"რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია თავს მოგახვიოთ დემოკრატია. დემოკრატიისკენ გზას ერი თავად ირჩევს. საქართველოში დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და ოპოზიციის უფლებები", - განაცხადა კუშნერმა და დასძინა, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი იქნება თუ ქართველი ხალხი პოლიტკური პროცესებით უფრო მეტად დაინტერედება და არჩევნებს საკუთარი ნების გამომხატველ ინსტრუმენტად აქცევს. მისი თქმით, არჩევნებში მოსახლეობის 50%-ზე მეტი უნდა იღებდეს მონაწილეობას.