ადგილობრივი და ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზიის წარმომადგენელთა „თანამშრომლობით“ - ახალი არხი „ოსეტია- ირისტონი“ შეიქმნება, რომლის მაუწყებლობა თანამგზავრის საშუალებით განხორციელდება, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისი თქმით, "„ოსეტია-ირისტონის" ნახვას არამარტო სამხრეთ ოსეთში და რუსეთში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებენ, ,,ეს იქნება ერთიანი ალანიის საინფორმაციო სივრცე“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი "ერთობლივი" ტელეარხის ოფისი ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზეა. უკვე შეძენილია 182 მილიონი რუბლის ღირებულების ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები, გარემონტებულია 750 კვ.მ. ფართი სტუდიებისთვის. საცდელი გადაცემებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ტელეარხ „ოსეტია-ირისტონზე“ მომუშავეთა რაოდენობა 167 ადამიანია. ,,ტელეარხის ფუნქციონირებისთვის ჩრდილოეთ ოსეთის ბიუჯეტში 67 მლნ რუბლი იყო გამოყოფილი. პროგრამაში ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები იქნება 24 საათიანი სამაუწყებლო ბადით, რუსულ და ოსურ ენებზე“, -წერს ადგილობრივი მედია.