საქართველოს შინადან საქმეთა სამინისტრო სოფელ ტირძნისიდან მოზარდების გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც შსს-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეების: რომელაშვილი გიორგის (დაბადებული 1995 წელს), საბაძე ალეკოს (დაბადებული 1995 წელს), ბუჩუკური ვიქტორის (დაბადებული 1993 წელს) და ხმიადაშვილი ლევანის (დაბადებული 1992 წელს) გატაცება გუშინ, ნაშუადღევს მოხდა.
"ისინი გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკრგნენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსწავლეები შესაძლოა დაკავებულნი იყვნენ ცხინვალში, რასაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებაც ადასტურებს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.