"დადგა ჟამი, რომ ევროპელებმაც და ამერიკელებმაც უკეთესად გაცნობიერონ ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა საქართველოში ევროპული სახელმწიფოების დიპლომატების გახშირებული ვიზიტების შეფასებისას განუცხადა.
"საქართველოს მიმართ აქტიურობა ნამდვილად შესამჩნევია. როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ ევროპელებმაც და ამერიკელებმაც უკეთესად გაცნობიერონ ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს ვიზიტები, პირველ რიგში, უკავშირდება ინფორმაციის პირველწყაროდან მიღებას, როგორც ხელისუფლების ასევე საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ვფიქრობ, დაახლებით ნახევარ წელიწადში შეიქმნება ერთანი ხედვა, აზრი როგორ შეიძლება და რა წინაპირობებია აუცილებელია საქართველოში რეალური დემოკრატიული წყობის დასამკვიდრებლად", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი შეფასებით, არჩევნები, რომელიც დემოკრატიის წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა, შეიძლება იმ დასკვნების საფუძველზე გადაიხედოს, რომელიც მზადდება და არჩევნებიდან ორი-სამი თვის შემდეგ გახმოვანდება.
"წინასწარი მონაცემები მოხსენებებში არჩევნების ხარისხის მიმართ მაინც და მაინც არ არის ხოტბის შემსხმელი. ასეთი გამოცდილება ევროპას 2008 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგაც ჰქონდა, როცა თვეების დაგვიანებით მივიდნენ რეალური სურათის აღწერისკენ. ამჟამადაც თუ აღმოჩნდება, რომ მათი კმაყოფილება არცთუ საფუძვლიანი იყო, ცხადია, შემუშავებული იქნება ახალი ხედვა იმისთვის, თუ როგორი უნდა იყოს დასავლეთის ცივილიზაციის მოთხოვნები ქართული ფსევდოდემოკრატიის მიმართ", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.