ბელორუსის პარლამენტის დეპუტატები მიმდინარე თვეს სეპარატისტულ აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ეწვევიან. ეს განცხადება დღეს ბელორუსის პარლამენტის საერთაშორისო და დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა გააკეთა.
"მე პირადად და კიდევ 10 დეპუტატი ნოემბრის მეორე ნახევარში აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ვეწვევით იმისათვის რათა ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას და მივიღოთ ან არ მივიღოთ გადაწყვეტილება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ან არ აღიარების შესახებ",_ აცხადებს მასკევიჩი და დასძენს, რომ ბელორუს პარლამენტართა ვიზიტის დეტალები და პროგრამა ამჟამად ზუსტდება და ისინი იმედს იტოვებემ, რომ "მათ ექნებათ საშუალება ამ ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს, პარლამენტის წევრებს და მოსახლეობას შეხვდნენ".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა ბელორიუსის პარლამენტს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართა.
დღეს ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების განხილვის საკითხს მოამზადებს და შემდეგ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტების მიმართვას ბელორუსის პარლამენტს გადასცემს განსახილველად.
აღსანიშავია, ასევე, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ მაკეიმ რადიო "თავისუფლების" ეთერში განაცხადა, რომ ბელორუსის პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს საკითხს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მისივე თქმით, ეს საკითხი პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში უკვე მიმდინარე კვირას შეიძლება შევიდეს.
მაკეიმ ასევე განაცხადა, რომ დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანისას აპირებენ საზოგადოების აზრს დაეყრდნონ, თუმცა ასევე დასძინა, რომ "საზოგადოების აზრი ამ საკითხის ირგვლივ არაერთგვაროვანია".
შეგახსნებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ამჟამად მხოლოდ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და რამდენიმე ტერიტორისტულ ორგანიზაციას აქვს აღიარებული.