14-25 ივლისს თბილისში ფესტივალ "არტ-გენი 2010"-ის დასკვნითი ნაწილი გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ფესტივალის ორგანიზატორები 13 ივლისს კლუბ "33ა"-ში პრესკონფერენციას გამართავენ.
14-19 ივლისს ფესტივალი "არტ-გენი" "33ა"-ში ჩატარდება, 20-იდან 25 ივლისის ჩათვლით კი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს.
ფესტივალი "არტ-გენი" წელს წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში 12 ივნისს გაიხსნა. გარდა ამისა, კულტურული ტურები საქართველოს სამცხე-ჯავახეთსა და რაჭაში გაიმართა. წლევანდელი ფესტივალის თემაა ქართული დამწერლობა.
სახალხო ფესტივალი "არტ გენის" მე-7 წელია, ტარდება. მის მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისთვის გაცნობა, მოძიებული მასალის დაარქივება და მომავალი თაობებისთვის შენახვა წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები, წარმოდგენები, ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები იმართება.