დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მორიგი პროცესი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა ჯავიდ ყურბანოვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრეს.
გიორგი გახარიას განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულების ეტაპზე გადავიდა და ამ დროისათვის, სამშენებლო სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია.
,,ჩვენ რამდენიმე ხნის წინ, დაახლოებით, ივლისში გვქონდა მსგავსი ინსპექტირება თურქეთიდან და ყარსიდან მაგრამ მაშინ სრულად ვერ შევძელით.
დღეს გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ რკინიგზით მივალთ თურქეთის საზღვრამდე, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოების დაახლოებით, 70%-ია შესრულებული საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა სატესტო რეჟიმში რკინიგზის გაშვება შესაძლებელი იქნება თუ არა, ამას დაადასტურებს ჩვენი დღევანდელი ინსპექტირება.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელია, მაგრამ სამუშაოების დაახლოებით, 70 %-ია შესრულებული საქართველოს მონაკვეთზე. გარკვეული ნაწილის ელექტროფიცირებაა საჭირო, მოსამზადებელია საბაჟო, სანიტარული სამსახურები და ა.შ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადებში ეს დასრულდება.
ის, რომ სამი ქვეყანა რკინიგზით ერთმანეთს დაუკავშირდა, არ ნიშნავს, რომ პროექტია დასრულებული. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის პირველი ეტაპია დასრულებული და წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის წინ", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი ინსპექტირების მიზანია იმის ნახვა, ფიზიკურად ეს რკინიგზები როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და შემდგომ იმ კითხვების ნუსხის შედგენა, რომელიც მოგვცემს სტატუსს ტექნიკურ დონეზე, თუ სად იმყოფება დღეს რკინიგზა და რა არის გასაკეთებელი, რომ მალე სრულფასოვნად გაეშვას.
,,რაც შეეხება დროს, ეს იქნება ცნობილი, დაახლოებით, ერთ-ორ კვირაში, როდესაც ჩვენი თანამაშრომლები დღევანდელი ინსპექტირების შედეგების ანალიზს გააკეთებენ", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანის შემთხვევაში გასაკეთებელი ბევრი არ იყო, რაც შეეხება თურქეთს, იქ სამუშაოების შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით, საქართველოს მსგავსია.
ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. პროექტი შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან - საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) - 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.
მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვაზე და 1 მლნ. მგზავრთნაკადზე გათვლილი პროექტის შესაბამისად (წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვის პერსპექტივით) მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გათვალისწინებულია არსებულ სარკინიგზო ხაზზე ყველა დარგის ობიექტების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ევროპა-აზიის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებას. ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი უნდა აქციოს სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.