ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი ჯავიდ ყურბანოვთან სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით გაემგზავრა. დელეგაციის წევრები ახალქალაქის სადგურს და პროექტის სხვა მშენებარე ობიექტებს დაათვალიერებენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულების ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით 70 პროცენტი - სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ძირითადად მიმდინარეობს სადგურების მოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები.
ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. პროექტი შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან - საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) - 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.
მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვაზე და 1 მლნ. მგზავრთნაკადზე გათვლილი პროექტის შესაბამისად (წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვის პერსპექტივით) მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გათვალისწინებულია არსებულ სარკინიგზო ხაზზე ყველა დარგის ობიექტების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ევროპა-აზიის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებას. ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი უნდა აქციოს სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.