ფოთში Nike–ის, New Balance–ის და Puma-ს ტანსაცმელი ოქტომბრიდან შეიკერება, შესაბამისი ქარხანა კი ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას "კომერსანტი" "აჭარა ტექსტილის" ფინანსურ დირექტორზე, გია ლომინაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში ადგილზე 3000 ადამიანი დასაქმდება.
"ქარხანა სექტემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა გახსნა ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. საბოლოო ჯამში ადგილზე 3000 ადამიანი დასაქმდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ მათ ნაწილს დავასაქმებთ. დასაქმებულები მთლიანად ადგილობრივები იქნებიან.
ამ ეტაპზე 500 ადამიანის გადამზადება მიმდინარეობს. დანარჩენებიც ეტაპობრივად გადამზადდებიან. ეს პროცესი ქარხნის გახსნის შემდეგაც გაგრძელდება. ამას უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ვახორციელებთ", - განაცხადა ლომინაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ქარხანა უფრო დიდი იქნება, ვიდრე კომპანიას აჭარაში აქვს და 15 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ამასთან, მისივე თქმით, ფოთის ახალ ქარხანაში პირველ ეტაპზე 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო წარმოების 100% ექსპორტზე გავა.