დღეს, 10 ივლისს, ოსლოში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დასრულდება. ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობს.
ასამბლეაზე განიხილება საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნება და ამასთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუცია. წინასწარი დებატები გაიმართა შესაბამის საკომიტეტო მოსმენაზე. მიუხედავად რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობისა, რომელიც საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ცდილობდა, საპარლამენტო დელეგაციების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც აღნიშნულია ომის და ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ღირსეული და თავისუფალი დაბრუნების აუცილებლობა, რუსეთის მიერ აგვისტოს შეთანხმების შესრულების ვალდებულება.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ რეზოლუციის ინიციატორი შვედი გორან ლენმარკერი (ეუთოს საპატიო პრეზიდენტი) და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.
აღინიშნა, რომ საქართველოში ეთნოკონფლიქტების შედეგად 500 ათასი დევნილი გაჩნდა, რომელთაც აქვთ საკუთარ სახლებში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ღირსეული დაბრუნების უფლება. საუბარია ყველა დევნილზე და იძულებით გადაადგილებულ პირზე, მათზე, ვინც ქვეყნის შიგნით იმყოფება ან გასულია ქვეყნიდან. ამაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ იმ ქვეყანას აკისრია, ვინც ოკუპაცია მოახდინა და რუსეთმა უნდა შეასრულოს დეოკუპაციის ვალდებულება.
აღინიშნა, რომ რუსეთის პრეტენზიები უსაფუძვლოა - რეზოლუცია აბსოლუტურად შეესაბამება რეალობას, საერთაშორისო კანონმდებლობას და პოლიტიკურად კორექტულია. ის, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რის შედეგადაც არის ამდენი დევნილი, სადავო არ არის, ისევე როგორც საქართველოს სუვერინიტეტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ერთადერთი, ვინც ამას არ ეთანხმება, ეს არის რუსეთი, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ამ რეზოლუციას საპარლამენტო დელეგაციების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და პლენარულ სხდომაზე მოხდება მისი საბოლოო განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია წარადგენს ხელისუფლების სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამ კუთხით აქტიურად მიდის მუშაობა დელეგაციებთან. მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები, რათა ამ დოკუმენტს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა ეუთოს წევრი ქვეყნების პარლამენტებში.
ასამბლეა 6 ივლისს გაიხსნა.