პარლამენტის მიერ გაზაფხულზე განხორციელებული ცვლილებებით, ის მუხლები, რომლებიც ამ პირებს [ოპოზიციონერებს] აქვთ წარდგენილი, მოქცეულია სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ - იცოდნენ თავიანთი მოღალატეობრივი ბუნება, ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან წარდგებოდნენ მართლმსაჯულების წინაშე სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს ჩანაწერებიც ამას აჩვენებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „გავრცელდა ჩანაწერები, სადაც ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე საუბრობენ უცხოეთიდან მიღებულ დავალებაზე, რომ საქართველოდან გაიტანონ ინფორმაცია, რის საფუძველზეც სანქციები დაწესდება“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი, რომ ჰკითხო, სამშობლოს ღალატი გააზრებული არ აქვთ.
„მუხლები, რომლებიც წარდგენილი აქვს ამ პირებს, პარლამენტის მიერ გატარებული ცვლილებებით, მოქცეულია სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ. თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააქრო სისხლის სამართლის კოდექსიდან. იცოდნენ, თავიანთი მოღალატეობრივი ბუნება, ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან წარდგებოდნენ მართლმსაჯულების წინაშე სამშობლოს ღალატის მუხლით. ეს ჩანაწერებიც ამას აჩვენებს. დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ თავიანთ სამშობლოს.
ისტორიული პარალელები შეგვიძლია, გავიხსენოთ. ჩვენს ეპოქას ის უპირატესობა აქვს, რომ ფიქსირდება ეს ღალატი, ვხედავთ პირდაპირ ეთერში და ჩანაწერებიც ამის მანიშნებელია. ამ ხალხს რომ ჰკითხოთ, გააზრებული არ აქვთ სამშობლოს ღალატი, თავი მიაჩნიათ კოსმოპოლიტად, მსოფლიო მოქალაქედ. მათთვის ქართული და ესტონური სახელმწიფო ერთი და იგივეა. ის თუ ემსახურება ესტონური ან ფრანგულ სახელმწიფოს, მისთვის იგივეა, ემსახუროს ქართულ სახელმწიფოს. ამას ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რისთვის დავღვარეთ სისხლი, რომ საბჭოთა კავშირისთვის დაგვეღწია თავი. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ჩვენ და სხვა არის სხვა. ეს არის მთავარი იდეა, რომელსაც ვერ აცნობიერებენ. იდეა, რომელიც ერეკლე მეფესა და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდათ.
„ნაცობა“ არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, ეს არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას. ეფუძნება პლატფორმაზე დგომას, რომ ერთი და იგივეა, შენ ქვეყანას ემსახურები თუ სხვას. იტყვიან, მერე რა, თუ უცხოურ ჯგუფებს ვეხმარებოდით, კი მაგრამ მტრული ქვეყნები არიან თუ რა არის? საქმე ის არის, რომ ვართ ჩვენ და არიან სხვები. ამაზე დგას ნებისმიერი სახელმწიფო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამშობლოს ღალატი, როგორც ყველაზე დასაძრახი ქმედება იყოს ქართველი ხალხის მიერ გათავისებული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმითვე, ოპოზიციონერებს, რომელთაც ბრალი საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, განაჩენის დადგომის შემდეგ შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
„ვინმეს თუ რაიმე პრეტენზია აქვს მართლმსაჯულებასთან, მიმდინარე პროცესებთან თუ, როცა დადგება სასამართლო განაჩენთან, აგერ არის სტრასბურგის სასამართლო. მიმართონ და საკუთარი სიმართლის დამტკიცება ცადონ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმის, საბოლოო ჯამში, მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ელჩებიც, რომლებმაც თავის დროზე იუსტიციის მინისტრთან ცრუ დემარშით მივიდნენ, სააკაშვილის ვითომ სასიკვდილო მდგომარეობასთან დაკავშირებით და რამდენიმე კვირაში სტრასბურგმა ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით ყველა სხვა ელჩი და ქვეყანა ამხილა ცრუ დემარშთან დაკავშირებით, ვინაიდან სტრასბურგმა განაცხადა, რომ სააკაშვილს ისეთი არაფერი არ ჭირდა, რომ მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის აუცილებლობა დამდგარიყო, რაც ადასტურებს, რომ მათ სააკაშვილის ციხიდან დახსნის მცდელობა ჰქონდათ.
ფიქრობენ, თუ ისინი რასა იუკნევიჩიენეს დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ რაღაც საერთო საქმეში იქნებიან ჩართულები, რომ თუ ვიღაცებს დაეხმარებიან საქართველოს დასჯასა და სანქციების დაწესებაში, რომ ეს თურმე საერთო ინტერესების მსახურება იქნება. ოპოზიციაში არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე, არიან მიამიტები, რომლებსაც პრიმიტიული ტყუილებით აბრუებენ. „მეხუთე კოლონა“ ამას ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში ამგვარი რადიკალი ოპოზიციონერები მუშაობენ და არა საკუთარ, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან და ლოიალურები არიან არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.