რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 47-ე საზოგადოებრივი ცენტრი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში გახსნა.
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ზეინდრის მოსახლეობასთან ერთად სოფლების − ამაღლების, ინაშაურის, გორასა და ზედა გორას, საპრასიის, რომანეთის, უხუთის, იმერუხუთის, ფერეთის, ბაბოთის, სალომინაოს, ბაგინეთის, შუა გორას და სხვა სოფლების 7 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.
„გასული წლის ოქტომბერში, ზეინდარში ჩემი სტუმრობისას, მოსახლეობამ მთხოვა, მათ სოფელშიც აგვეშენებინა საზოგადოებრივი ცენტრი, რაც ადგილობრივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღებას საგრძნობლად გაუადვილებდა. მე მაშინ დავპირდი მათ, რომ მალე ზეინდარშიც იქნებოდა საზოგადოებრივი ცენტრი და დღეს ამ დაპირების შესრულების დღეა", − განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.
საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
ზეინდრის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთი"-სა (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის" (მათ შორის, პენსიის მიღება) სერვისები.
ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.
ზეინდრის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 46 საზოგადოებრივი ცენტრი შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარსა და თბილისში (გლდანში).
ზეინდრის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე მკვიდრი მოსახლეა დასაქმებული. ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-ზე მეტი სერვისი გაიცა.