დღეს, 9 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიორგიწმინდას აღდგენილი სახლის პრეზენტაცია გაიმართება.
გიორგიწმინდას დარბაზული სახლი 1974 წელს კახეთიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში იქნა გადმოტანილი. წლების განმავლობაში მას მრავალმხრივი დაზიანებების გაუჩნდა.
2007 წელს კი იუნესკოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივი პროექტი "გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია" დაიწყო, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლებზე, უძველესი ხელსაწყოებისა და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, გადაუდებელი დაცვითი და შემდგომ აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში ძეგლის სრული წინასარესტავრაციო ანალიზი ჩაუტარდა, მომზადდა სახელოვნებათმცოდნეო, საინჟინრო და საარქივო კვლევა. აღნიშნული სამუშაოები "იკომოს საქართველომ - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო" შეასრულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი ექსპედიცია რეგიონებში დარბაზის გადახურვის ტრადიციული მეთოდების შესასწავლად და ტრადიციის მატარებელი ხელოსნების მოსაძიებლად. რესტავრაციის დროს გამოყენებული იქნა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის მემკვიდრეობა, რომელიც პრაქტიკულად ტრადიციული ხელსაწყო-იარაღების გამოყენებით განახორციელეს რეგიონიდან მოწვეულმა ტრადიციის მატარებელმა ხელოსნებმა..
ეთნოგრაფიული მუზეუმის 40-წლიანი არსებობის მანძილზე, გვირგვინიან-ბანიანი საცხოვრებლის ტრადიციული გადახურვის აღდგენა პირველად მოხდა.