პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების და აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს აფასებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი ჰგავს ფეხბურთის თამაშს საკუთარ კართან, როცა ერთი გუნდი არ უტევს მეორეს და მხოლოდ საკუთარი კარის სიახლოვეს თამაშობს. ამის შესახებ არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
ექსპერტის შეფასებით, გადატვირთვის კამპანიაზე რუსეთიც და აშშ-იც საკმაოდ დიდ ფსონს ჩავიდნენ, შესაბამისად. ორივეს ერთი ხელის მოსმით ამ კამპანიის განადგურება არ სურთ, მით უმეტეს, რომ გადატვირთვის ღილაკზე კიდევ რამდენიმე საკითხია მიბმული, სადაც ორივე ქვეყნის ინტერსები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, არეშიძის განცხადებით, აშშ და რუსეთი ძალების მოსინჯვასა და საკუთარი თავის დემონსტრირებას ისე ცდილობენ, რომ საერთო საქმეს არ ავნონ.
"ეს არის ფეხბურთის თამაში სხვადასხვა კართან, ერთი გუნდი მეორეს არ უტევს და თამაშობს საკუთარ კართან. რუსეთისთვის გადატვირთვის კამპანია საკმაოდ სიღრმეში შესული, ისევე, როგორც აშშ-ისთვის და არ ცერთს ერთი ხელის მოსმით ამის მოსპობა არ უნდა, მით უმეტეს საქართველოს გამო. კლინტონის ტურნეში საქართველოს თემა უმთავრესი არ ყოფილა, უმთავრესი იყო ყარაბაღის თემა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა საქართველოს თემაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, როცა მის მიერ გაჟღერებულმა ტერმინმა "ოკუპაციამ" ექსცესებიც გამოიწვია. აშშ გადტვირთვის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, პოლონეთში სარაკეტო ფარის საკითხის წამოწევით. ნუ დაგვავიწყდება, რომ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკასთან მიბმულია ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობები ჩინეთთან, გადატვირთვის თემასთან კავშირშია ამ ქვეყნების ურთიერთობა თურქეთთან, რომელმაც რეგიონში ლიდერობა მოინდომა. მოკლედ, გადატვირთვის კამპანიასთან ბევრი საკითხია მიბმული. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ორივე სახელმწიფო ცდილობს ძალების მოსინჯვას, საკუთარი თავის დემონსტრირებას, ოღონდ ისე, რომ საქმე არ გაფუჭდეს", - განაცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.