ცესკო-მ 27 977 ხელმოწერა ნახევარ დღეში შეამოწმა და ბათილად ცნო, - ამის შესახებ განცხადებას "გირჩი" ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, ცესკო-ს შეტყობინებაში არ არის მითითებული რა მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდა ხელმოწერების შემოწმება და რა მიზეზით იქნა ცნობილი ბათილად 27,977 ხელმოწერა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში წლებია პოლიტიკური პარტიები სწორედ ასე მომზადებულ სიებს აბარებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რეგისტრირდებიან და მონაწილეობას იღებენ არჩევნებში.
"გუშინ თქვენგან მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ ცესკომ 7 აგვისტოს გადაამოწმა გირჩის მიერ წარმოდგენილი 27,990 ხელმოწერა და დაადგინა რომ 27,977 არის ბათილი, ხოლო 13 არის ნამდვილი.
ანუ, ნახევარ დღეში ჩაატარეთ საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ოფიციალური წერილიც მოამზადეთ და გადმოგვიგზავნეთ.
დავუშვათ, ხელმოწერების შემოწმება დაიწყეთ 09.00 საათზე და დაასრულეთ 17.00 საათზე, შემდეგ ნახევარ საათში მოამზადეთ შეტყობინება და 1 საათში ჩაგვაბარეთ (ჩაგვბარდა დაახლოებით 18.30 საათზე).
ანუ, საათში შეამოწმეთ დაახლოებით 3,500 ხელმოწერა, წუთში დაახლოებით 60 ხელმოწერა, წამში 1 ხელმოწერა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საოცარი ტემპია თუნდაც 3 შემმოწმებლისთვის (თუ, რა თქმა უნდა, ხელმოწერების ავტოსწრაფშემმოწმებელი არ არის გამოგონებული და ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ).
თქვენს შეტყობინებაში არ არის მითითებული რა მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდა ხელმოწერების შემოწმება და რა მიზეზით იქნა ცნობილი ბათილად 27,977 ხელმოწერა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში წლებია პოლიტიკური პარტიები სწორედ ასე მომზადებულ სიებს აბარებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რეგისტრირდებიან და მონაწილეობას იღებენ არჩევნებში.
იქნებ საჯარო განცხადებით განგვიმარტოთ ეს ორი საკითხი:
1. შემოწმებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია
2. ბათილად ცნობის მიზეზები.
ოფიციალურ მოთხოვნას იგივე ინფორმაციაზე დღესვე გადმოგიგზავნით", - წერს "გირჩი" ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით.