ირლანდიურმა „ლოუკოსტერმა“ Ryanair-მა პოლონეთში ჩარტერული ავიაკომპანია - Ryanair Sun დააფუძნა. Ryanair Sun-ი ფრენებს 2018 წლის ზაფხულიდან განახორციელებს.
როგორც გამოცემა Rynek Lotniczy წერს, Ryanair Sun-ი რეესტრში 2017 წლის 13 ივლისის თარიღითაა გატარებული.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 ათას ზლოტს შეადგენს. Ryanair Sun-ის მმართველთა საბჭო 3 ადამიანისგან შედგება. კომპანიის დირექტორია მიხაელ კაჩმაჟიკი, რომელიც ვარშავის შოპენის აეროპორტს 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა. ავიაკომპანიის მმართველთა გუნდში შედის ასევე ალეშ პიპენბახერი, რომელიც Ryanair-ში 2016 წლის მაისიდან მუშაობს და ასევე ლაილ მოურაუ ბარგა.
Ryanair Sun-ის ოფისი ვარშავაში მდებარეობს.
Ryanair Sun-ის ფლოტი ამ ეტაპისათვის 5 ერთეულ Boeing 737-800-ს აერთიანებს. Ryanair Sun-ი ამ დროისათვის პერსონალის შერჩევითაა დაკავებული. ავიაკომპანიაში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუ რა მიმართულებებზე გეგმავენ ფრენებს.