ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცა მწერალს გურამ დოჩანაშვილს.
"ჩემთვის ძალიან მაღალი პატივია ეს ჯილოდ, რადგან ეს ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული ლიტერატურის განვითარებაში. მათ გვერდში ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხიმგებლობაა. ვეცდები გავამართლო ეს დიდი პატივი", _ აღნიშნა დოჩანაშვილმა.
თიბისი ბანკში ლიტერატურულ კონკურს "საბას" მერვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დასახელდა ზვიად რატიანის "ნეგატივი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პროზაულ კრებულად _ კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო რომანად ნაირა გელაშვილის - "პირველი 2 წრე" ("კავკასიური სახლი") აღიარეს; წლის საუკეთესო დებიუტად მაკა ლდოკონენის - "ქიშმიშიანი ამბები" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პიესად თამარ ბართაიას - "მთავარი როლი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო თარგმანად _ მანანა ღარიბაშვილის გაიუს ვალერიუს კატულუსი - "ლექსების წიგნი", ("ლოგოსი"), წლის საუკეთესო კრიტიკად, ესეისტიკად და დოკუმენტური პროზად ზურაბ ქარუმიძის - "ჯაზის ცხოვრება" ("სიესტა").
გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლბაში იყვნენ რისმაგ გორდეზიანი, თეონა დოლენჯაშვილი, გურამ ოდიშარია, გიორგი ლბჟანიძე, ირაკლი ჯავახაძე
ავტორებისა და გამომცემლობების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი 140 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 39 საუკეთესო მოხვდა.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა. მისი დამაარსებლები არიან თიბისი ბანკი, გაზეთი "24 საათი" და ქართული პენ-კლუბი. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა 8 ნომინაციის მიხედვით. საპრემიო ფონდი შეადგენს 36 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
5-კაციანი ჟიური განიხილავს საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს და უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ხოლო იმ ავტორს, რომელსაც გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, გადაეცემა პრემია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".