„მშენებლობებზე კონტროლი კანონმდებლობით უნდა გამკაცრდეს“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბეში, შენობის დემონტაჟის დროს მუშის გარდაცვალების ფაქტს.
მისივე თქმით, მშენებლები ხშირ შემთხვევაში არ ემორჩილებიან იმ წესებს და ნორმებს, რაც არსებობს, ამიტომ ეს ნორმებიც უნდა გადაიხედოს.
"გამკაცრება აუცილებელია მოხდეს კანონმდებლობით და მაქსიმალურად ყველამ უნდა დაიცვას მშენებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლები ხშირ შემთხვევაში არ ემორჩილებიან იმ წესებს და ნორმებს, რაც არსებობს, ამიტომ ეს ნორმებიც უნდა გადაიხედოს. მე ყოველთვის ვაძლევ დავალებას და ორი-სამი კვირის წინაც მქონდა დავალება მიცემული ზედამხედველობის სამსახურისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად მკაცრები. ზედამხედველობა ასრულებს ამ მითითებებს, მაგრამ სამწუხაროდ არის მაინც ცალკეული შემთხვევები, რაც სავალალო შედეგით მთავრდება, ამიტომ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება,”- განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდუბეში, შენობის დემონტაჟისას ერთი მუშა გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
შემთხვევა იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის კედელი ჩამოიშლის შემდეგ მოხდა.
დაშავებულთაგან ორი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ერთ-მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.