ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პოლონეთში გააკეთა. ჰილარი კლინტონს კითხვა საქართველოს შესახებ სააგენტო "როიტერის" კორესპოდენტმა დაუსვა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კრაკოვში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. იგი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.
ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საბოლოო ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, სისტემის ელემენტები პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდება.
კრაკოვში ჩასვლისთანავე ჰილარი კლინტონმა ყვავილებით შეამკო კატინის ჯვარი და პატივი მიაგო სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
"ჩვენ მუდმივად ვაპროტესტებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მოვითხოვთ რეზოლუციის შესრულებას, რომელიც სრულად აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამ საკითხებს მუდმივად ვაყენებთ რუსეთთანაც. ეს იქნება ჩემი საქართველოში შეხვედრების მთავარო თემაც", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა პოლონეთში.