5 აგვისტოდან, რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მარშრუტზე Ural Airlines-ი კვირაში 4 სიხშირით იფრენს.
ირკვევა, რომ ავიაბილეთის ღირებულება 64 ევრიდან (ერთი გზა) იქნება, რომელიც მოიცავს 10 კგ ბარგს და 5 კგ ხელბარგს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ჟუკოვსკის აეროპორტიდან Ural Airlines-ისთვის სიხშირეებზე უარის გამო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, 15 ივლისს ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ოთხი სიხშირე გაუჩერა. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის. ამავდროულად ქართული კომპანია ეკონომიკის სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.
საბოლოოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პრობლემა მოგვარებულად გამოაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ Georgian Airways-ი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
უწყების განცხადებაში მითითებულია, რომ სამინისტროს შუამდგომლობით მოხდა ქართული კომპანიისთვის იმ 4 სიხშირის აღდგენა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ 15 ივლისს შეაჩერა - შედეგად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელება.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, მათ შორის ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბისა და ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების პოზიციონირებისთვის.
ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა შიდა საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვის, აგრეთვე შიდა საავიაციო სამუშაოების გათავისუფლება დღგ-სგან და ამ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო საწვავი და საპოხი მასალების გათავისუფლება იმპორტის გადასახადისგან, აქციზისა და დღგ-სგან. აღნიშნული მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს და ხელს უწყობს რესურსების დარჩენას კომპანიებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შემდგომშიც გააგრძელებს ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის შემდგომი მხარდაჭერა, რითაც ხელს ვუწყობთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბებას. თუმცა, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესების დაცვა. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კომპანიები, სახელმწიფო მხარდაჭერის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მომხმარებლებს შესაბამისი ხარისხისა და ფასის მომსახურებით", - განმარტებულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.