საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ გია ცაგარეიშილისთვის გაუგებარია, საზოგადოება როგორ უნდა ენდოს მთავრობას მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა არასრულ 7 წელში 89 მინისტრი და 5 პრემიერ-მინისტრი შეცვალა. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ვარდების რევოლუციის შემდეგ ანუ არასრულ 7 წელიწადში, ქვეყანაში 89 მინისტრი შეიცვალა, საიდანაც 5 პრემიერი და 82 მინისტრია.
"ეს იმას ნიშნავს, რომ თვეში საშუალოდ ერთი მინისტრი იცვლება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ ქვეყანაში 6 წელიწადში მთავრობას ნდობას უკვე მე-11-ჯერ უცხადებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში პარლამენტში დასამტკიცბელად უკვე მეოთხედ შემოდის პროგრამა ერთი და იმავე სახელწოდებით "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე". თუმცა ქვეყანა სიღარიბის გარეშეEკი არა, სიღატაკეშია. რა თქმა უნდა, ერთეული ადამიანების გარდა" - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროში უკვე მე-9 მინისტრი მიდის, საგარეო საქმეთა სამინისტროში მე-6, ჯანდაცვაში მე-6, იუსტიციაში მე-6, განათლების სამინისტროში კი მე-5.
ცაგარეიშვილი აქცნეტს აკეთებს იმაზე, რომ მთავრობის კაბინეტი ორ ნაწილადაა გაყოფილი: მინისტრები, რომლებიც კანონს ემორჩილებიან და პარლამენტში საჭიროების შემთხვევაში მაინც დადიან და მინისტრები, რომლებსაც "საკანონმდებლო ორგანოში ქუდი რომ შეუგდო, მაინც არ შედიან". ეს კი ამ პირების უპასუხსიმგებლობაზე მიუთითებს. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ პარლამენტმა მთავრობის პროგრამას და მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭიროს".