საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია „სასკი ბასკონიას“ შორის 2 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება.
კომპანია „სასკი ბასკონია“ ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ „ლაბორალ კუჩასა“ და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა. აღნიშნულ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან კლუბებში, ასევე ნბა-ს კალათბურთელთა რიგებშიც.
სწორედ ამ კლუბის საწვრთნელი კემპი იმართება თბილისში. წინა წლების მსგავსად, კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ, რომლებიც ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 75 პერსპექტიულ მოზარდს ვარჯიშებს ჩაუტარებენ.
კემპისთვის 2001, 2002, 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ.
კემპში მონაწილე ქართველი მოზარდებიდან ესპანელი მწვრთნელები 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში „ლაბორალ კუჩას“ კემპზე წაიყვანენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპს ჩაუტარებენ. აღნიშნული კემპის შემდეგ შეირჩევიან მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და „ლაბორალ კუჩაში“ ან ამ კლუბთან დაახლოებულ სხვა კლუბებში გააგრძელებენ ვარჯიშს.
„ლაბორალ კუჩას“ კემპი 21 ივლისამდე გასტანს, რის შემდეგაც ესპანეთში წამსვლელი 16 ახალგაზრდის ვინაობა გაირკვევა.